გუშინ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდა და მაღალი სხვაობით, 4:1 დამარცხდა.
გუშინდელ შეხვედრაში, დებიუტი ჰქონდა „ვალენსიას“ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს, რომელიც არც თუ ისე წარმატებული გამოდგა.
ქართველი მეკარის თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ესპანელ ჟურნალისტებს. ავტორიტეტული ადგილობრივი გამოცემა Marca.com ეროვნულ ნაკრებში მამარდაშვილის დებიუტს გამოეხმაურა და მცირე სტატია მიუძღვნა, სახელწოდებით – „ვალენსიას მეკარის, მამარდაშვილის მწარე დებიუტი საქართველოში“.
„ვალენსიას ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ელიტალურ სპორტულ კარიერაში ფეხის მოკიდებას ეტაპობრივად აგრძელებს. ოთხშაბათს მას საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. 20 წლის ასაკში, „ღამურების“ შემადგენლობაში მისი წარმატებული ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენია ნაკრების ფრანგ მთავარ მწვრთნელ, ვილი სანიოლს და მას ბულგარეთის წინააღმდეგ თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა. თუმცა, მას კარგი დებიუტი არ ჰქონია, დიახ, სოფიაში გამართულ მატჩში გამოუცდელი ფეხბურთელებით დატვირთული საქართველოს ნაკრები დიდი სხვაობით, 4:1 დამარცხდა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონში, „დინამო თბილისიდან“ მოვიდა, თუმცა მან ბოლო სეზონი თბილისის „ლოკომოტივში“ იჯარის წესით გაატარა. ამ გუნდთან ერთად მან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის ერთი „გრანადასთან“. „ვალენსიამ“ ფეხბურთელის იჯარით დამატება იმ იდეით გადაწყვიტა, რომ ის პირველი გუნდის მესამე მეკარე იქნებოდა. თუმცა, დომენეკისა და სილესენის ტრავმებმა მამარდაშვილს შესაძლებლობა მისცა წინასასეზონო ამხანაგური შეხვედრები ჩაეტარებინა. მისმა უნარ-ჩვევებმა და ეფექტურობამ ხოსე ბორდალასი დაარწმუნა, რომ ქართველი მეკარე ლა ლიგის სასტარტო შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში დაეყენებინა.“ – წერს Marca-ს ჟურნალისტი.





