წლევანდელ მაიამის მასტერსს, რომელიც სტარტს 24 მარტს იღებს ნებისმიერ შემთხვევაში ახალი გამარჯვებული ეყოლება. გეცოდინებათ, შარშან აღნიშნული ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა, ხოლო 2019 წელს ჩემპიონი როჯერ ფედერერი გახდა.
დიადი მაესტრო, ისევე როგორც რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი წლეულს მაიამიში არ ითამაშებენ. ტურნირს ასევე გამოტოვებს დომინიკ ტიმიც. ასე რომ, ეს უპრესტიჟულესი მასტერსი, რომლის საპრიზო ფონდიც თითქმის სამნახევარი მილიონი დოლარია, წელს შედარებით მოკრძალებული შემადგენლობის იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტოპ ათეულის ჩოგბურთელები არ იქნებიან.
ტურნირზე პირველ ნომრად რუსი დანილ მედვედევია განთესილი, ხოლო მეორედ ბერძენი სტეფანოს ციციპასი. მაიამიში ასევე ჩოგანს გაიქნევენ ანდრეი რუბლევი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი, ტეილორ ფრიცი, ენდი მარი, იანიკ სინერი, დევიდ გოფინი და სამეფო სპორტის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები.
ქართველ გულშემატკივართა ინტერესი კი რა თქმა უნდა ნიკოლოზ ბასილაშვილისკენ იქნება მიმართული, რომელიც მაიამის მასტერსზე სხვებთან ერთად იასპარეზებს. ჩვენებურმა მეჩოგნემ დოჰაში ჩემპიონობის შემდეგ დუბაის პრესტიჟულ ტურნირზე ითამაშა, თუმცა წარუმატებლად, ახლა კი ბედს მაიამიში ცდის.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ორგანიზატორებმა 27-ე განთესვა მიანიჭეს, ხოლო წილისყრამ პირველ წრეში თამაში ააცილა და ტურნირში პირდაპირ მეორე ეტაპიდან ჩაებმება, სადაც შვედ მიქაელ იმერს და ჩილელ ალეჰანდრო ტაბილოს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს წილისყრამ გაუმართლა და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა მაიამის მასტერსზე მინიმუმ მესამე ეტაპზე გასვლა გადაუჭრელ ამოცანას არ უნდა წარმოადგენდეს.





