ლაშა შავდათუაშვილი უნგრეთიდან სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელოვან ძიუდოისტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც მოგებული აქვს ოლიმპიური თამაშები (ლონდონი 2012), მსოფლიო (ბუდაპეშტი, 2021) და ევროპის (ბუდაპეშტი, 2013) ჩემპიონატები. ტიტულიანი ქართველი ძიუდოისტის მედლების კოლექციაში ასევე არის რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი, ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი.





