ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ბექაური მომდევნო 3 წლის განმავლობაში შემდეგ ოლიმპიადამდე კიმონოზე ოქროს არშიით იასპარეზებს, რაც დიდ პატივად ითვლება.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ამ უფლებას მხოლოდ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონებს აძლევს, რისი დასტურიც ქართველ ოქროსმედალოსანსაც მიუვიდა. ლაშამ ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში განათავსა.
“ნანატრი ოქროს ფერი. ოქროსფერი არშიით ასპარეზობის უფლება მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მხვდა წილად ოქროს ასოებით ვატარო ჩემი ქვეყნის, ჩემი გვარის და ჩემი ხალხის ღირსება და მთელი ძალებით დავიცვა”, – ამბობს ბექაური.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული 28 ივლისს გახდა, როდესაც ფინალურ ორთაბრძოლაში გერმანიის ნაკრების წარმომადგენელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ტოკიოში პირველი ოქროს მედალი მოუტანა.




