მოურისიო პოჩეტინოს მოსვლა „პსჟ“-ს ჯერჯერობით დიდად სასიკეთოდ ვერ დაეტყო. პარიზული გრანდი ისე ყინჩად ვეღარ გამოიყურება, რაც საფრანგეთის ჩემპიონატშიც თვალნათლივ ჩანს. მბაპე, ნეიმარი და კომპანია ბოლო წლებს თუ გადავხედავთ შიდა ასპარეზზე პრობლემებს განიცდიან და სატურნირო ცხრილში უჩვეულო მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.
ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დროა, თუმცა „პსჟ“-ს ქომაგებს ალბათ უნდა აღელვებდეთ, რომ მათი საყვარელი გუნდი პირველ ადგილზე არ არიან. 24 ტურის შემდეგ პარიზელებს 51 ქულა აქვთ და ლიდერ „ლილს“ 3, ხოლო „ლიონს“ ქულით ჩამორჩებიან.
ამასობაში მოახლოვდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიც, სადაც „პსჟ“-ს 16 თებერვალს „ბარსელონასთან“ დაპირისპირება მოუწევს. შეგახსენებთ, ფრანგული გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის შარშანდელი ფინალისტია. იქ მათ „ბაიერნთან“ წააგეს.
„პირადად მე ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არ ვფიქრობ, რადგან ჩემპიონატში გვაქვს მდგომარეობა გამოსასწორებელი. რა დროს ბარსელონაა? აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ ლიგა 1-ში პოზიციები გავიმყაროთ.
ამიტომ, სიმართლე გითხრათ ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრაციას ვერ ვახდენ. როდესაც მატჩის დღე დადგება რა თქმა უნდა გამარჯვებისთვის მოედანზე მაქსიმუმს გავიღებ მეც და მთელი გუნდიც, თუმცა ახლა საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურზე ვფიქრობ“ – აღნიშნა ახალგაზრდა ფრანგმა ტალანტმა.








