ზურაბ კაკაბაძე ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ არის. მან ამ თანამდებობაზე ორი ვადით, 8 წლის მანძილზე იმუშავა და ესტაფეტა ვახტანგ მეიფარიანს გადაულოცა.
ვახტანგ მეიფარიანი სპორტის ამ სახეობისთვის უცხო არ გახლავთ. ის ვეტერანი ხელბურთელია და იქაურ შიდა სამზარეულოსაც კარგად იცნობს.
საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა სპორტის ახალ სასახლეში გაიმართა და მას ყველა – 27 დელეგატი ესწრებოდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ორი იყო – მეიფარიანი და იმედო ფხაკაძე, თუმცა ამ უკანასკნელმა არჩევნების დაწყებამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ვახტანგ მეიფარიანიც პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს.
ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან იმედო ფხაკაძე, ლევან სალუქვაძე და დიმიტრი აბესაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე.
ვახტანგ მეიფარიანი, ხელბურთის ფედერაციას 4 წლის მანძილზე უთავკაცებს.





