ტოკიო 2020-ზე გუშინ საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში ესპანელი ჩოგბურთელი, რობერტო კარბალეს ბაენა დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ ნიკამ მცირე კომენტარი გააკეთა, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურმა გაავრცელა:
„ძალიან მიხარია, რომ უკვე მეორედ, ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით გამოვდივარ. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ სადაც მითამაშია, აქ ერთ-ერთი ყველაზე რთული კონდიციებია – ძალიან მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა.
გუშინ ესპანელი დავამარცხე და შემდეგი მეტოქე იტალიელი იქნება. აქამდე ერთხელ გვაქვს ნათამაშები, წაგებული მაქვს და ძალიან საინტერესო თამაში იქნება.
კარგ ფორმაში ვარ, მომზადებული ვარ და ამიტომ იმედი მაქვს, რომ ოლიმპიადას კარგად ჩავატარებ“, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს.








