კახა ცხადაძემ ბაქოში ნეფთჩისთან წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “დინამომ” როგორც თბილისში, ისე აზერბაიჯანის დედაქალაქში, ანგარიშით 1:2 წააგო და ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა.
კახა ცხადაძე: “ვულოცავ ნეფთჩის გამარჯვებას. მას ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები, კარგი შემსრულებლები ჰყავს. პირველ თამაშთან შედარებით, ამჯერად უკეთესად ითამაშა.
როდესაც ოთხი გაშვებული გოლიდან სამს თავად გაიტან საკუთარ კარში, რა თქმა უნდა, ძნელია… გვქონდა ძალიან კარგი შანსი, ვაჩვენეთ კარგი ფეხბურთი, მაგრამ ასეთ დონეზე ასეთი შეცდომები გაუმართლებელია და აუცილებლად დაისჯები.
სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ გავედით მომდევნო ეტაპზე. ვფიქრობ, რომ დინამომ ორივე მატჩში კარგი თამაში აჩვენა, თუმცა ფეხბურთი ასეთ შეცდომებს არ გპატიობს. ვინც ნაკლებ შეცდომებს უშვებს, ის იგებს.
დიდ პატივს ვცემ აზერბაიჯანს, ნეფთჩის პრეზიდენტს, რომელთანაც ვმეგობრობ. წარმატებებს ვუსურვებ ამ გუნდს და ვგულშემატკივრობ”.
“დინამო” თბილისი კონფერენსლიგაზე გადაერთვება, სადაც მეტოქედ ჰაიფას მაქაბი ეყოლება. ცხადაძის გუნდი მაქაბის 22 ივლისს შინ, ხოლო 29 ივლისს სტუმრად ეთამაშება.





