“დინამო” თბილისი უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საპასუხო შეხვედრას ჰაიფას “მაკაბისთან” სტუმრად ჩაატარებს. ერთი კვირის წინ თბილისში საქართველოს ჩემპიონი დამარცხდა (1:2), მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ცხადაძემ სწორედ ამას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ჯერ დასრულებული არაფერია. როგორც მან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავარია, რომ მისმა გუნდმა აგრესიულად და თავდაჯერებულად ითამაშოს:
“მაკაბი კომფორტულ მდგომარეობაშია, სტუმრად მოიგო, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ დაცვაში საიმედოდ თამაშს და ჩვენი შანსი, რომელსაც შევქმნით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ამიტომ, მივიჩნევ, რომ არაფერი არ დამთავრებულა, ხვალინდელი თამაში კიდევ ერთი შანსია დინამო თბილისისთვის, რომ კარგად ითამაშოს და დადებითი შედეგი აჩვენოს. თბილისში პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარმა აჩვენა, რომ როდესაც აგრესიულად და თავდაჯერებულად ვთამაშობთ, კარგი ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ ისე ვითამაშოთ, როგორც მეორე ტაიმში – აგრესიულად, მაღლა. თუმცა, უნდა გამოვრიცხოთ ის ინდივიდუალური შეცდომები, რის გამოც გოლები გავუშვით, ეს მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ. ერთი გოლიც საკმარისია, რომ დამატებითი დრო დაინიშნოს და დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაცვაში ვიქნებით, გვინდა, რომ შეტევაში ვითამაშოთ”.








