“დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში განვლილი სეზონი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან უარყოფითი წელი გამოდგა, ამიტომ, საჭიროა ყველაფრის გაანალიზება და სამომავლოდ შეცდომების გამოსწორება. ეს არის ყველაზე მთავარი. ძალიან ბევრი ფეხბურთელი დავინახეთ პერსპექტივაში, რომელსაც შეუძლია, დიდი ფეხბურთი ითამაშოს და საქართველოს ნაკრებშიც მაღალ დონეზე იასპარეზონ.
რა შეცდომებიც იყო ადრე, ისინი უნდა აღმოიფხვრას. საშემსრულებლო ოსტატობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამას თუ გამოვეკიდებით, ფაქტობრივად, ვერაფერს გავაკეთებთ.
მიდის რეორგანიზაცია პირველ გუნდში. არიან ფეხბურთელები, რომლებიც დატოვებენ გუნდს და არიან ფეხბურთელები, რომლებიც დაგვემატებიან.
ჩემპიონობა არის მიზანი და იმ რაოდენობის ფეხბურთელები გვეყოლება, რომ საქართველოს თასზეც აუცილებლად ვიბრძოლოთ. როტაციამ საშუალება უნდა მოგვცეს, რომ ორივე ტურნირზე ვიბრძოლოთ უმაღლესი მიზნებისთვის.
დაახლოებით 3 წლის შემდეგ ფეხბურთელების სადღაც 80 პროცენტი უნდა იყოს ჩვენი აკადემიის აღზრდილი. ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ.
ყველამ დაინახა, რომ უკვე ბოლო თამაშებში განაცხადში მინიმუმ 10-12 ფეხბურთელი გვყავდა აკადემიიდან. დავინახეთ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი და კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას.
გასაგებია, რომ თბილისის “დინამოს” გულშემატკივარს ცოტა სხვა მოთხოვნები აქვს. ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ “დინამო” ევროტურნირების ჯგუფში მოხვდეს. ქომაგებს მინდა ვთხოვო გვერდში დგომა. ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ცხადაძემ.








