ლიონელ მესი მაინც დარჩებოდა თანამედროვეობის უდიდეს ვარსკვლავად, თუმცა არავინ იცის გაიბრწყინებდა თუ არა ის „ბარსელონას“ გარდა სხვა რომელიმე გუნში ისე, როგორც ეს კატალონიურ გრანდში შეძლო.
არადა იყო იმის საშიშროება, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონადან“ წასულიყო. არა, ეს შეიძლება ამ ზაფხულსაც მოხდეს და უკვე გასაკვირი აღარ იქნება, რადგან მესის „ბლაუგრანას“ დატოვება წინა სეზონის დასრულების შემდეგაც სურდა, თუმცა ამჯერად 15 წლის წინანდელ ამბავზე მოგახსენებთ.
დიახ, 2006 წელს, როდესაც მესის სიდიადე „ბარსელონაში“ იფურჩქნებოდა, ჟოან ლაპორტას საკმაოდ მაცდური წინადადებით მიმართეს. ეს მისმა კოლეგამ მასიმო მორატიმ გააკეთა და არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ კატალონიელებს 250 მილიონი ევრო შესთავაზა.
იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად ზინედინ ზიდანის „იუვენტუსიდან“ მადრიდის „რეალში“ გადასვლა ითვლებოდა. ზიზუს სანაცვლოდ სამეფო კლუბმა 2001 წელს 77,5 მილიონი ევრო გადაიხადა.
„ეს სრული სიგიჟე იყო. მაშინ ბარსელონაში პრეზიდენტობის პირველ ვადას ვითვლიდი. მორატის ძალიან სურდა მესი მის გუნდში ეხილა და 250 მილიონი ევრო შემოგვთავაზეს. ეს თანხა იმ დროისთვის 3-ჯერ აღემატებოდა ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს.
მაშინ ინტერის წინადადებაზე უარი ვთქვით და ლიონელ მესის არ შეველიეთ. ვგრძნობდი, რომ ეს უდიდესი შეცდომა იქნებოდა და არც შევმცდარვართ“ – იხსენებს ჟოან ლაპორტა, რომელიც „ბარსელონას“ პრეზიდენტად კვლავ დაბრუნდა.





