ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი პასკუალე ბრუნო წესით „იუვენტუსის“ სტაჟიან გულშემატკივრებს უნდა ახსოვდეთ. ის ტურინულ გუნდში 1987-1990 წლებში ირიცხებოდა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო.
მოკლედ, პასკუალე ბრუნო „იუვენტუსისთვის“ უცხო კაცი არ გახლავთ და სიტყვაც ეთქმის. ჰოდა, ადგა და ისეთი მკვახე ილაპარაკა შეიძლება ბევრიც გაოცებულიყო.
ბრუნო „იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ გააცოფა და კრიშტიანო რონალდუს და ანდრეა პირლოს შეუტია.
„სამარცხვინოა ის რაც იუვენტუსს დაემართა. ჩემპიონთა ლიგიდან ასე გამოვარდნა არ ეპატიებათ. მერე რა რომ ჯგუფში ბარსელონას მოუგეს? ეს ის ბარსელონა აღარ არის. გუნდი დაშლილი იყო და სერიოზულ კრიზისს განიცდიდა.
რა უნდა პირლოს მთავარ მწვრთნელად? ეს გუნდის ხელმძღვანელობის ბრალია. ისინი ყველაფერს ანადგურებენ. ალეგრი გაუშვეს, სარიც გაუშვეს და პირლო მოიყვანეს.
იუვენტუსში ყველაფერს რონალდუ აკონტროლებს. ის გუნდს უპატივცემულოდ ექცევა. ორ წელზე მეტია უკვე აქ არის და იტალიურიც არ უსწავლია, ისევ ესპანურად ლაპარაკობს“ – ამბობს პასკუალე ბრუნო.







