საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ნაკრების წევრების განცხადებით, დღეს საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელზე მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება, რომელიც მისი რეპუტაციის შელახვისკენ არის მიმართული.
საქართველოს ნაკრების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ, ქართველი ჩოგბურთელები, სრულ მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ის მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც სპორტსმენის წინააღმდეგ არის მიმართული და მიზნად ისახავს ნიკოლოზ ბასილაშვილის რეპუტაციის შელახვას საერთაშორისოს ასპარესზე. ისე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩვენც მხარს ვუჭერთ ცივილურ, მშვიდ და სამართლებრივ პროცესს, რომლის საშუალებითაც სიმართლე აუცილებლად დადგინდება. მოვუწოდებთ არასამთვრობო სექტორსა და მედიას, დაელოდონ სასამართლო პროცესის დასრულებას და ნუ გაუსწრებენ მოვლენებს წინ. სპორტის გულშემტკივრებს კი ვერავინ ვერ მიგვითითიებს თუ რა ფორმით და როგორი ემოციით გავიზიაროთ ნიკა ბასილაშვილის წარმატებული ასპარეზობა.
კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კოლეგას. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!!!“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ ბასილაშილი ყატარის 250-იანი ტურნირის გამარჯებული გახდა. გზად კი ქართველმა ლეგენდარული როჯერ ფედერერიც დაამარცხა.








