გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. 21 წლის ფეხბურთელმა, რომლის კარიერა ტრავმებმა ძალიან დააზარალა, ოფიციალურ მატჩში თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლატვიურ RFS-სთან ითამაშა.
გიორგიმ მონაწილეობა რიგაში გამართულ საპასუხო დაპირისპირებაში მიიღო, სადაც მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და გამარჯვების გოლი ბელგიელებმა სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს.
თამაშის შემდეგ “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, გიორგის ფეხები არ აკანკალებია. ისეთი თამაშები, სადაც მეტოქე თავს იცავს, მისთვის იდეალურია. მას არ უწევს დაცვაში ბევრი მუშაობა. ჩემი აზრით, ის ამ თამაშში ნათელი წერტილი იყო. როცა სხვები ნერვიულობდნენ, ის თავდაჯერებული ჩანდა. გიორგი იჭერდა ბურთს და კარგად ხედავდა მოედანს. ეს მისი პირველი ნაბიჯებია. ტრავმირებული იყო, მაგრამ ახლა აქ არის. იმედი ვიქონიოთ, რომ მწყობრში იქნება და ჩვენს შეტევით პოტენციალს გააძლიერებს”, – განაცხადა ჰეინ ვანჰეზებრუკმა.
“გენტი”კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში პოლონურ “რაკოვს” დაუპირისპირდება. პირველ მატჩს ჩაკვეტაძის გუნდი სტუმრად, 19 აგვისტოს გამართავს, საკუთარ მოედანზე კი მეტოქეს 26 აგვისტოს მიიღებს.





