იაპონიის სუმოს ასოციაციამ ჰარუ ბაშოს წინ, განახლებული ბანძუკე (სუმოტორების რეიტინგი) გამოაქვეყნა. კოვიდ-პანდემიის გამო გაზაფხულის ბაშო ოსაკას ნაცვლად, ტოკიო უმასპინძლებს.
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ჰარუ ბაშოს 3 პოზიციით დაქვეითებული ხვდება და მას აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაატარებს.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს. ერთით გაიზარდა რიკიშთა რაოდენობა სანიაკუში მას შემდეგ, რაც წინა ბაშოს ტრიუმფატორი, იაპონელი დაიეიშო მესამე კომუსუბად დაამატეს. დანარჩენმა კომუსუბებმა სეკივაკეებმა ძველი პოზიცია შეინარჩუნეს.
მცირე გადანაცვლებაა იაპონელ ოძეკთა შორის. აღმოსავლეთის 1-ლი ოძეკის პოზიცია დაიკავა შოდაიმ, დასავლეთის 1-ლი ოძეკი გახდა ასანოიამა, ხოლო აღმოსავლეთის მე-2 ოძეკის რანგზე ჩამოქვეითდა ტაკაკეიშო, რომელიც კადობანში იქნება ჩაყენებული და წოდების დაცვა მოუწევს ამ ბაშოზე.
ბანძუკეს უმაღლეს პოზიციაზე კი ყველაფერი უცვლელია – ჰაკუჰო და კაკურიუ ისევ ძველებურად იკავებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მხარეებს. კაკრუიუსთვის ეს ბაშო ალბათ ბოლო შანსი იქნება. თუ “წერო-დრაკონი” ისევ ვერ გამოვა დამდეგ ტურნირზე, ან გამოვა და იოკოძუნას საკადრის სუმოს ვერ აჩვენებს, დიდი ალბათობით კარიერის დასრულება მოუწევს.
რაც შეეხება ჰირამაკუს მნიშვნელოვან ცვლილებებს, აქ სამმა რიკიშიმ დაკარგა მაეგაშირას სტატუსი და სამი რიკიში გადმოვიდა მათ ნაცვლად მაკუუჩიში ჯურიოს დივიზიონიდან. თუმცა, საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არაა დებიუტანი. 29 წლის ცურუგიშოს აქამდე 4 ბაშო აქვს ჩატარებული უმაღლეს დივიზიონში, 31 წლის ჰიდენოუმის – 6, ხოლო 28 წლის დაიამამისთვის მე-8 იქნება დამდეგი ტურნირი მაკუუჩიში.
ჰარუ ბაშო 14 მარტიდან აიღებს სტარტს და ტრადიციულად 15 დღეს გასტანს.








