ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიდან ჩიტმა სასიამოვნო ამბავი მოიტანა. IJF-ი, საქართველოს სთავაზობს, თბილისის ყოველწლიურ ტრადიციულ ტურნირს სტატუსი აუმაღლდეს და გრან-პრის ნაცვლად, გრან-სლემი გახდეს.
შემოთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზეც, რომ მსგავსი თხოვნით თავად ქვეყნები მიმართავენ ხოლმე საერთაშორისო ფედერაციას, ახლა კი სურვილი თავად IJF-მა გამოთქვა, რაც ორმაგად ხაზგასასმელი ფაქტია, რადგან ამით კიდევ ერთხელ დასტურდება თუ როგორ გვაფასებენ ძიუდოს მაღალ იერარქიაში.
ეს საკითხი კი მხოლოდ სურვილის დონეზე ვერ მოკვარახჭინდება. იმისთვის, რომ თბილისის გრან-პრი, გრან-სლემამდე ამაღლდეს, საჭიროა დამატებით კიდევ 400 ათასი ევრო, ხოლო ჯამში ტურნირის ჩატარება დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაჯდება.
ქართული ძიუდო მსოფლიო რუკაზე თავისი შედეგებითა და პოტენციალით გამორჩეულ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ახლა გვაქვს უნიკალური შანსი და მისი გამოყენების შემთხვევაში საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად ამაღლდება როგორც ქართული ძიუდოს, ისე მთლიანად საქართველოს იმიჯი.





