საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივში“ აღარ ითამაშებს. მან კლუბი უკვე დატოვა და ფეხბურთელებსაც დაემშვიდობა. ამის შესახებ კაშიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ის კარიერას აუცილებლად ევროპაში გააგრძელებს და ერთ კლუბთან ძალიან ახლოსაც არის, თუმცა ფეხბურთელს გუნდი ვინაობა არ დაუკონკრეტებია, ვინაიდან კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმებული ჯერ არ არის. კაშიას ინფორმაციით, მას გუნდისგან აქვს შემოთავაზება მიღებული.
33 წლის ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, ბრატისლავის „სლოვანში“ ითამაშებს. სლოვაკეთის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ვლადიმირ ვაისია და ტრანსფერის ინიციატორიც ის არის. აღსანიშნავია, რომ ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და ირლანდიულ „შემროკ როვერსს“ შეხვდება.
გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივში“ მიმდინარე წლის ზამთრიდან თამაშობდა და 17 მატჩში 4 გოლის გატანაც მოახერხა. მან კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, 2010 წელს კი არნემის „ვიტესში“ გადავიდა, სადაც 8 სეზონი გაატარა, ნიდერლანდების თასი მოიგო და გუნდის ლეგენდად იქცა. 2018-2020 წლებში ქართველი ფეხბურთელი, MLS-ში „სან ხოსეს“ ღირსებას იცავდა.





