ჩოგბურთი საკმაოდ ძვირი სპორტის სახეობაა. სამეფო სპორტიც შემთხვევით არ ჰქვია, მაგრამ თუ მეტ-ნაკლებ წარმატებას მაინც მიაღწევ, სოლიდური თანხის გამომუშავებაც შეგიძლია.
მოკლედ, ვარსკვლავების წყვეტას რომ თავი დავანებოთ, საშუალო დონის ჩოგბურთელობამდე მისვლასაც გვარიანი თანხები სჭირდება. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ არაერთი ტალანტი დაკარგულა და ჩოგნის ქნევა ადრეული ასაკიდანვე შეუწყვეტია.
სარა ჩაკარევიჩი საჩოგბურთო სამყაროს შესაძლოა ბევრს არაფერს ეუბნებოდეს, თუმცა რეიტინგის 410-ე ნომერი კი არის. მომხიბვლელი ფრანგი ჩოგბურთელი დიდ და პრესტიჟულ ტურნირებზე ხშირად არ ჩანს, მაგრამ შედარებით დაბალი დონის შეჯიბრებებში კი მონაწილეობს.
პრაღაში, ქალთა შორის ITF-ის ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდის 25 ათასი დოლარია, სარა ჩაკარევიჩს მეტად უცნაური რამ შეემთხვა. ფრანგი ჩოგბურთელი შეჯიბრს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში გამოეთიშა. ეს ამბავი ალბათ დიდად არავის დააინტერესებდა, მაგრამ ყურადღება მიიქცია ჩოგბურთელის გამომუშავებულმა თანხამ. გაგეღიმებათ და ჩაკარევიჩს 2,25 ევრო ერგო.
სარა ჩაკარევიჩმა ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ ჯამში 45 ევრო კი მიიღო, მაგრამ აქედან 6,75 დაქვითვას ექვემდებარებოდა, ხოლო 36 ევრო შეჯიბრში სამონაწილეო ოფიციალური შენატანი იყო. რა დარჩა? სწორედ 2,25 ევრო.
„უბრალოდ მსურს ITF-ს დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მინდა ეს ყველაფერი ხუმრობა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ რეალობაა. აი, რა ხდება და რამდენს იღებ, როდესაც მსოფლიოს 291-ე ჩოგანთან მესამე სეტში მარცხდები. დიდი მადლობა უფასო ყავისთვის“ – წერს სარა ჩაკარევიჩი ტვიტერის საკუთარ გვერდზე და ქვითრის სურათსაც თან ურთავს.






