2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთს დაუპირისპირდება. 27 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ “დინამო არენაზე” მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი იყო ჩართული. ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. მომდევნო ორ შეხვედრაში ნაკრებს ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარება.
ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მეკარემ გიორგი ლორიამ პრესკონფერენცია გამართეს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
გიორგი ლორია: „ფსიქოლოგიურად თამაშისთვის ყველა მზად ვართ, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ესპანეთის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული მოტივაციაა. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ხვალინდელ თამაშში ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო, დანარჩენი კი, მოედანზე გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ მატჩი ისე წარიმართება როგორც ამას ჩვენი მთავარი მწვრთნელი დაგეგმავს და ყველანი ერთად დადებით შედეგს მივაღწევთ.
სასიამოვნოა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში სტადიონზე ჩვენი გულშემატკივრები ბრუნდებიან, ისინი ბოლოს ეროვნული ნაკრების მატჩს 2019 წელს დაესწრნენ და მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ძალიან გვიხარია, რომ ესპანეთის წინააღმდეგ გულშემატკივრები დაგვეხმარებიან, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით მათ გამარჯვების სიხარული დავუბრუნოთ.”
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)







