ბელგიურმა გენტმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და სრულფასოვნად ვარჯიშობს.
18 ივნისს გენტმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა სამოყვარულო “დიკენფენეს” წინააღმდეგ და 3:2 დაამარცხა. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, როცა მოედანზე გიორგიც იყო.გიორგიმ მე-2 ტაიმი სრულად ითამაშა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ექიმის მეთვალყურეობით დინამო თბილისის ბაზაზე ვარჯიშობდა.
გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, ბოლო ორი სეზონი კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პრაქტიკულად გაუცდა. გიორგიმ მუხლზე ოპერაციაც გაიკეთა, თუმცა სრულფასოვნად დაბრუნება ვერც ამის შემდეგ შეძლო და 2020/21 წლების სეზონში, ჟუპილერ ლიგაში სულ 3 მატჩი ითამაშა, ერთიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე. ქართველ შემტევს ოფიციალურ მატჩში შარშანდელი 4 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია და მონაწილეობას მხოლოდ ტესტმატჩებში იღებდა.





