გიორგი ჩაკვეტაძე ახალი სეზონისთვის გენტთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება. ბელგიური გუნდი შეკრებას ნიდერლანდებში, დაბა ჰორსტში ატარებს.
საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი, რომელსაც ტრავმის გამო წინა სეზონი პრაქტიკულად გაუცდა, სრული დატვირთვით ემზადება და თამაშობს კიდეც. ცოტა ხნის წინ გიორგიმ სამოყვარულო დიკენფენეს წინააღმდეგ საკონტროლო შეხვედრაში (3:2) ერთი ტაიმი ჩაატარა.
გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, ბოლო ორი სეზონი კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პრაქტიკულად გაუცდა. გიორგიმ მუხლზე ოპერაციაც გაიკეთა, თუმცა სრულფასოვნად დაბრუნება ვერც ამის შემდეგ შეძლო და 2020/21 წლების სეზონში, ჟუპილერ ლიგაში სულ 3 მატჩი ითამაშა, ერთიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე. ქართველ ნახევარმცველს ოფიციალურ მატჩში შარშანდელი 4 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია და მონაწილეობას მხოლოდ ტესტმატჩებში იღებდა.





