ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მაღალ დონეზე თამაში ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ კლუბში შეუძლია.
“როდესაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ვსაუბრობთ, საკითხი სწორად უნდა დავსვათ.თანამედროვე ფეხბურთში ეს სრულიად ნორმალური ამბავია, როდესაც ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშე კლუბში მოდის, რამდენიმე სეზონს ატარებს, მისი ფასი იმატებს და შემდეგ მას ძვირად ყიდიან.
ფეხბურთი ხომ უბრალოდ გართობა არაა, ის ბიზნესიცაა. კვარაცხელიას ადგილზე სხვები მოვლენ და იმედია, ისინიც ასეთივე წარმატებულები იქნებიან, თუმცა ხვიჩასნაირი პოტენციალის მქონე ფეხბურთელების მოძიება იოლი ნამდვილად არ იქნება. ჩემი აზრით, კვარაცხელია უნიკალური ტალანტის მქონე ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე თამაში ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ კლუბში შეუძლია. ბარსელონას ადგილას, მას მესის შემცვლელადაც კი ავიყვანდი.
თუკი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნა, მას ბრწყინვალე კარიერა უნდა ჰქონდეს. შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გახდეს”.
20 წლის ქართველი ტალანტის ტრანსფერის შესახებ ბოლო პერიოდში ბევრი იწერებოდა. მას ყველაზე ხშირად “ტოტენჰემსა” და “მილანს” უკავშირებდნენ. თუმცა, სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ კვარაცხელია არსად გადასულა და რუსეთში მინიმუმ ერთი სეზონით რჩება.





