საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პესიერსის“ ცენტრმა ამერიკულ მედიასთან წინასასეზონო სამზადისზე ისაუბრა.
FOX Sports Indiana-სთან 21 წლის ქართველმა კალათბურთელმა განაცხადა, რომ გუნდს უკვე კარგად შეეწყო და თანაგუნდელებთან შეთამაშების პრობლემა არ აქვს.
ბითაძემ საკუთარ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრავმა აღარ აწუხებს.
„ძალიან კარგია, რომ ახალ სეზონში ინდიანას იგივე შემადგენლობა ეყოლება, შესაბამისად, ახალი კალათბურთელების სათამაშო სტილის გაცნობა არ მომიწევს. გუნდში პროფესიონალი კალათბურთელები არიან და მათგან ყოველ ვარჯიშზე რაღაც ახალს ვსწავლობ.
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ახალ სეზონამდე უფრო მეტი დრო სხეულისა და ფეხების გაძლიერებას დავუთმე. მუხლზე გარკვეული სახის პრობლემები მქონდა და მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებით მუშაობა. ასევე, ცოტა დრო სროლის გაუმჯობესებასაც დავუთმე. ყურადღება წონის დაკლებაზეც გავამახვილე, რათა შედარებით სწრაფი და ფეთქებადი ვიყო“, – ამბობს ბითაძე.
„ინდიანა პეისერსი“ წინასასეზონო ეტაპის პირველ შეხვედრას 13 დეკემბერს, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართავს.








