ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა, ავტორიტეტულ რუსულ გამოცემა „სპორტ-ექსპრესს“ საკმაოდ ვრცლად ესაუბრა და ყურადღება გუნდის ქართველ ფეხბურთელებზეც გაამახვილა.
– 19 მატჩში გატანილი 9 გოლი, ეს ხომ კატასტროფაა?
– უდავოდ. თუმცა, 17-ში და არა 19 მატჩში. 2 შეხვედრაში ხომ კორონავირუსის გამო არ გვითამაშია. შექმნილი მომენტების რაოდენობით აუტსაიდერები ნამდვილად არ ვართ. მარტო დავითაშვილმა კარისაკენ 25-ჯერ დაარტყა.
– მერე სარგებელი? ბიჭმა ერთი გოლიც კი ვერ გაიტანა!
– ზურიკო მხოლოდ 19 წლისაა, პრემიერლიგაში პირველ სეზონს ატარებს, როდესაც სტაბილურად ხვდება
ძირითად შემადგენლობაში. სადღაც ცივსისხლიანობა არ ჰყოფნის, სადღაც ოსტატობა… ის, რომ “როტორი” მომენტებს ქმნის, უკვე კარგია. რეალიზაციის გამოსწორებაღა დაგვრჩა.
– განაცხადში რამდენი ლეგიონერი გყავთ?
– 8. ჩონდრიჩი, გოგუა, მატრიკარდი, ფლამარიონი, პონსე, კვირკველია,დავითაშვილი და მიქელთაძე.
– ნიკოლაი ყიფიანი?
– მას რუსული პასპორტი აქვს.
– როდესაც თქვენ ამბობდით: “ერთი ქართველი გუნდში კარგია, ორი უკვე პრობლემაა, სამი – იწყება ცეკვა და მწვადები”. “როტორში” ოთხი ქართველია…
– აჰა! თქვენ ჩემი ინტერვიუს ციტირება მოახდინეთ, როდესაც კიევის “დინამოში” კალაძესთან და დემეტრაძესთან ერთად ვთამაშობდი. მათთან მართლაც ძალიან ვმხიარულობდით. “როტორშიც” იგივეა. მთავრდება მატჩი ან ვარჯიში და გასახდელში საოცარი ხმაურია. ბიჭები თავის ენაზე რაღაცაზე ხმამაღლა მსჯელობენ. ხალისიანად ჟესტიკულირებენ, ქართულ მუსიკას რთავენ…
– მათთან მუშაობა ადვილია?
– დიახ. ოთხივე პროფესიონალია, პრინციპებს პატივისცემით ეპყრობიან, რომლითაც მთელი გუნდი ცხოვრობს.
– რუსულად საუბარი ყველაზე მეტად რომელს უჭირს?
– ბექა მიქელთაძეს.
– გვითხარით, რამდენი ზედმეტი კილოგრამი ჰქონდა კვირკველიას, როდესაც “როტორში” მოვიდა? რვა?
– ნაკლები, მაგრამ თვალშისცემი იყო. ფიზმომზადების მწვრთნელის დახმარებით თავი წესრიგში მოიყვანა და ფორმაში ჩადგა. რა თქმა უნდა, როდესაც სასტარტოში ვაყენებდით, რისკზე მივდიოდით, რადგან ვხედავდით, 100%-ით მზად არ იყო. თუმცა, მის გამოცდილებასა და ოსტატობაზე ვამყარებდით იმედს.
– გაამართლა?
– ყოველთვის არა. იმისათვის, რათა ძველი კვირკველია გახდეს, რომელიც “ლოკომოტივის” დაცვის ბურჯი იყო, საიმედოობის კოეფიციენტი უნდა გააუმჯობესოს.
– თქვენმა მეხუთე ქართველმა, ჯანო ანანიძემ, ვოლგოგრადი მალევე დატოვა.
– ის კეთილსინდისიერად მოიქცა. როდესაც მიხვდა, რომ მუხლის ტრავმის გამო „როტორის“ დახმარებას ვერ მოახერხებდა, კონტრაქტის გაწყვეტა შემოგვთავაზა. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში ყველა ფეხბურთელი მასსავით არ მოიქცეოდა.
– მაშინ ინტერვიუში თქვით: “ანანიძემ დამირეკა და მითხრა, რომ, ალბათ, ფეხბურთელის კარიერის დასრულება მომიწევსო”. ჯანომ ეს მაშინვე უარყო და განაცხადა, რომ იანვარში 100%-ით მზად იქნება.
– შესაძლოა, მე სწორად ვერ გავიგე.





