გერმანული გამოცემა express-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნი, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესდა.
გამოცემამ მიუნხენური კლუბის მომავალს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც ხვიჩასაც შეეხო, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს.
„მიუნხენის ბაიერნს ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს. მიუნხენელები გუნდის შემდგომი გაახალგაზრდავების პროცესს ისე იწყებენ, რომ სათამაშო დონე არ დააგდონ.
მაგალითად, ტრანსფერის განხრით მომუშავე პირებმა ინტერესი ყაზანის რუბინის ახალგაზრდა შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ (1,83 მეტრი, 70 კილოგრამი) გამოხატეს.
უნდა აღინიშნოს, რომ 20 წლის ახალგაზრდა საქართველოში დიდ ტალანტად ითვლება. ხოლო მისი აგენტი მამუკა ჯუღელი მის მომავალს ან რეალში, ანაც ბაიერნში ხედავს.
ყაზანის რუბინის შემტევ ნახევარმცველს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია და რუსეთის პრემიერ ლიგაში 20 მატჩში სამი გოლი გაიტანა, რასაც რვა საგოლე გადაცემა დაუმატა.
აღსანიშნავია, რომ ქართველებს ბუნდესლიგაში თამაშის ხანგრძლივი და წარმატებული ტრადიცია აქვთ. ალექსანდრე იაშვილმა, ლევან კობიაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა 1990-იან წლებში ფრაიბურგში კარგი სახელი დატოვეს. როგორც ჩანს ახლა კვარაცხელიას ჯერია.“ – ნათქვამია სტატიაში