საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. დღეს, ქართველმა ფეხბურთელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. ვილი სანიოლის განკარგულებაში ამ ეტაპზე 24 ფეხბურთელია.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოახლოებულ მატჩებზე ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შეკრებისთვის დიდი დრო გვაქვს. ასეთი შესაძლებლობა იშვიათად გვაქვს, ეს დრო აუცილებად უნდა გამოვიყენოთ შესათამაშებლად და ახალი ტაქტიკური მონახაზის დასამუშავებლად. შეკრების საწყის ეტაპზე შედარებით მსუბუქი ვარჯიშები გვქონდა, ახლა კი უფრო ინტენსიურად ვემზადებით. პატარა პაუზის შემდეგ კვლავ ფორმაში შევდივართ და ამხანაგურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. ნიდერლანდების წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებოა, მაგრამ ნაკრებში გამართული თითოეული მატჩი მეტოქის მიუხედავად საამაყოა. საინტერესო თამაშებს ველოდები, რუმინეთი უხერხული მეტოქეა, ნიდერლანდები კი ძალიან დიდი გუნდია, ასე, რომ ორივე მატჩი ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება“, – განაცხადა ვაკო გვილიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებში 2 ივნისს რუმინეთის, 6 ივნისს კი ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.








