საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე შესაძლოა იტალიურ „ემპოლიში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ 30 წლის ფეხბურთელმა პირველი არხის ეთერში, გადცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას განაცხადა.
„გუნდის ძიების პროცესში ვარ. პირდაპირ ვიტყვი, რომ მოლაპარაკება „ემპოლისთან“ მქონდა, რომელიც ჩემი ოჯახია, 15 წლიდან ამ გუნდში ვთამაშობდი და ლამის ნახევარი ცხოვრება იქ გავატარე. იტალიაში ცხოვრების უფლება მქონდა, მაგრამ ერთი წელი თუ მიდიხარ, ეს უფლება უქმდება. ახლა კი გუნდს სამი არაევროკავშირელი ჰყავს. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში გუნდი სერია „A“-ში დაბრუნდება, მოლაპარაკება კი ძალაშია“, – ამბობს მჭედლიძე.
რაც შეეხება მის ფორმას, როგორც ფეხბურთელი ამბობს მას ფიზიკური კურსის დასრულებამდე 20 დღე დარჩა, რის შემდეგაც სრული დატვირთვის ვარჯიშის შესაძლებლობა ექნება. მჭედლიძე არ გამორიცხავს, რომ ზაფხულამდე რომელიმე კლუბის მაისური მოირგოს.
„რა თქმა უნდა, ვარჯიშს თამაში სჯობს. უთამაშებლად ბედნიერი ვერ იქნები, მაგრამ ფიზიკური მომზადების კურსის დასრულებამდე, 20 დღე დამრჩა. ბოლო ერთია წელია, ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და ამით ბედნიერი ვარ. ვცდილობ, სრულ მზადყოფნაში ვიყო და თამაში დავიწყო. საერთოდ, სჯობს, ბოლომდე მოითმინო და 100 პროცენტით მწყობრში იყო. ექიმი გარწმუნებს, რომ კარგად ხარ, მაგრამ შენ შიგნიდან გრძნობ, რომ ასე არაა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომ ბოლომდე ექიმს უჯერებ და არა შენს თავს და ორგანიზმს“, -განაცხადა ფეხბურთელმა.
ლევან მჭედლიძემ კარიერა გოლის დილაში დაიწყო. 2008 წელს 30 წლის თავდამსხმელი „ემპოლიში“ გადავიდა და იტალიური კლუბის მაისურით 150 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 15 გოლი გაიტანა. 2008-2010 წლებში კლუბმა ფეხბურთელი „პალერმოში“ გაანათხოვრა, სადაც 11 ჩატარებულ მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. 2019 წელს ლევან მჭედლიძემ „ემპოლი“ დატოვა და თბილისის „დინამოს“ შეუერთდა. თბილისური კლუბის მაისურით მან 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. „დინამოდან“ თავდამსხმელი 2020 წელს წამოვიდა და ამ დრომდე უგუნდოდაა.
ეროვნული ნაკრების მაისურით მჭედლიძეს 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.





