ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ფრანგული ლიგა 1-ის რენის ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა კლუბის დატოვებას, რაც შეიძლება მალე აპირებს.
ამ სურვილის შესახებ ფეხბურთელმა თავის აგენტს უკვე შეატყობინა და მისი გუნდიდან აბარგება შესაძლოა მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზეც მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ რენსი 17 წლის უნიჭიერესი მოთამაშის შენარჩუნებას არ აპირებს და მის გასხვისებას მინიმუმ 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფიქრობს.
ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენა ყველაზე მეტად ესპანეთის ჩემპიონ რეალს უნდა და ამის სურვილი თავად ფეხბურთელსაც გააჩნია, თუმცა ფინანსური პრობლემების ფონზე, საინტერესოა რამდენად გამონახავს მისთვის თანხას ფლორენტინო პერესი.
მის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული გრანდებიც იჩენენ, ასე რომ მადრიდელებს „იოლი გასეირნება” ნამდვილად არ ელით.
მიმდინარე სეზონში კამავინგამ 14 შეხვედრა ჩაატარა და თავი მხოლოდ ერთი გოლით და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.





