ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ტიტულის შესანარჩუნებლად წინსვლას წარმატებით აგრძელებს. მიუნხენურმა გრანდმა 1/8 ფინალის პირველ დაპირისპირებაში სტუმრად „ლაციო“ დაიბრიყვა და დიდი ანგარიშით – 4:1 გააცამტვერა.
„ბაიერნის“ გამარჯვება ალბათ არავის გაჰკვირვებია, რადგან რეკორდმაისტერი როგორც ვთქვით არა მხოლოდ ამ წყვილის, ზოგადად ტურნირის მოგების უმთავრესი კანდიდატია.
თავის შეგირდების გარჯით კმაყოფილია გუნდის მთავარი მწვრთდელი ჰანს დიტერ ფლიკი.
„ჩემპიონთა ლიგა ყველასთვის განსაკუთრებული ტურნირია. აქ ნებისმიერი გუნდი ორმაგი შემართებით და მოტივაციით თამაშობს.
ჩვენი, როგორც მოქმედი ჩემპიონების მიზანი რა თქმა უნდა ღირსეული ასპარეზობაა. კარგი იქნება თუ ჩემპიონთა ლიგის თასს ზედიზედ მეორედ მოვიგებთ. ამისთვის კი თითოეულ მატჩში სრული მობილიზება და კონცენტრაციაა საჭირო, მითუფრო უკვე პლეიოფების სტადიაზე.
დღევანდელი მატჩის დაწყებამდე ბიჭებს ვუთხარი, რომ ყურადღება ერთი წუთითაც არ მოედუნებინათ. როგორც გამოჩნდა, ჩემი ყველა ფეხბურთელი მოწადინებული იყო წარმატებისთვის მაქსიმუმი გაეღო.
ვფიქრობ, კარგი გუნდური თამაში ვაჩვენეთ. დღეს ბიჭებმა მოლოდინი გაამართლეს. მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით“ – აღნიშნა „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა.





