დინამო თბილისი ჰაიფას მაკაბის უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში დაუპირისპირდა და 1:5 განადგურდა.პირველი შეხვედრა კახა ცხადაძის გუნდმა თბილისში 1:2 დათმო. ორი მატჩის ჯამში (7:2) ბრძოლას ისრაელის ჩემპიონი აგრძელებს.
საწყისი წუთები მაკაბის აშკარა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გაშვებული გოლი უფრო ბენიოსა და მეკარე მიგინეიშვილის შეუთანხმებელი თამაშის ბრალია. მე-17 წუთზე კაპიტან ჩერის პასით მაორ ლევიმ მაკაბი დააწინაურა.
დინამოს პასუხს არ დაუგვიანებია, მაკაბიმ ბურთი ცენტრში დაკარგა და ზორან მარუშიჩმა ოსეი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, 26 წლის განელმა მეკარეს დუელი მოუგო -1:1.
მაკაბი წინ კუთხურის შემდეგ გავიდა, ბურთი სპორკსლედეს მოხვდა და მიგინეიშვილის კარში გავიდა – 2:1. მალევე ტრავმის გამო მოედანი ლევან ხარაბაძემ დატოვა.
75-ე წუთზე დინამოს კარში მესამე გოლი გავიდა. მართალია, მიგინეიშვილმა დავიდის დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ომერ ატცილიმ დაასწრო. მალე შეცვლაზე შესულმა აშკენაზიმ დინამოს კარში დუბლი შეასრულა და ცხადაძის გუნდის განადგურება დაასრულა.





