ეროვნული ლიგის მე-15 ტურის პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ადგილობრივი „დილა“ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს და სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის „დინამოს“ დაუხვდა.
ბათუმის „დინამოს“ მარცხის შემდეგ, თბილისელებს სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერების შანსი მიეცათ, თუმცა გიორგი ნემსაძის გუნდმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქესთან 0:2 დამარცხდა.
თავისმხრივ, შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარეს გორელებმა და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. თბილისის „დინამოს“ კარში ორივე გოლი მეორე ტაიმში, 5-წუთიან მონაკვეთში გავიდა. 70-ე წუთზე ჯერ პაატა ღუდუშაურმა გაიტანა რევაზ ჩიტეიშვილის პასით, 74-ე წუთზე კი ირაკლი ბიძინაშვილმა თორნიკე კაპანაძის გადაცემა გამოიყენა და საკუთარი გუნდი 2-ბურთიანი სხვაობით დააწინაურა.
ამ გამარჯვებით გორელები სატურნირო ცხრილში 1 საფეხურით დაწინაურდნენ, თბილისის „ლოკომოტივს“ გადაასწრეს და 25 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრნენ. „დინამოს“ კი 31 ქულა აქვს და ბათუმურ თანამოსახელესთან ერთად სატურნრო ცხრილის სათავეში რჩება. შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდსაც 31 ქულა აქვს, მაგრამ თბილისის „დინამოსთან“ ნაჩვენები დადებითი ურთიერთშეხვედრების გამო პირველ ადგილზე იმყოფება.





