ოლივიე ჟურუმ არანორმალური სილამაზის გოლი გაიტანა და „ჩელსის“ მოაგებინა. არისტოკრატებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში „ატლეტიკოს“ სტუმრად 1:0 აჯობეს. მადრიდელები ნომინალურ მასპინძლებად ითვლებოდნენ, რადგან დაპირისპირება არა ესპანეთის დედაქალაქში, არამედ ბუქარესტში გაიმართა.
„როხიბლანკომ“ კი მართლაც საშინლად ითამაშა. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა კარის ჩარჩოში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყეს და ალბათ მარცხსაც იმსახურებდნენ.
გაწბილებული და გულგატეხილია დიეგო სიმეონეც.
„სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს. წავაგეთ, მაგრამ დაკარგული ჯერ არაფერია. წინ განმეორებითი დაპირისპირებაა.
ერთი შეხედვით მოსაწყენი მატჩი გამოდგა. მომენტები ბევრი არ ყოფილა. მეტოქემ კი თავისი შანსი გამოიყენა. ოლივიე ჟირუმ მართლაც შესანიშნავი გოლი გაიტანა.
გაშვებული გოლი დაცვის ჩავარდნის ბრალი არ ყოფილა. ამ კომპონენტში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა არ გამოგვივიდა. ვფიქრობ, ბურთი ხშირად უნდა გვეკონტროლებინა“ – აღნიშნა დიეგო სიმეონემ.





