წილისყრის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ „ატლეტიკოს“ მეტოქე „ჩელსი“ იქნებოდა მადრიდული გუნდის ქომაგები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ორ რაუნდიან დაპირისპირებას ისე დათმობდნენ, გოლის გატანას ვინ დაეძებს, მეტოქის კარში ხეირიანადაც ვერ დაარტყამდნენ.
სწორედ ასე დაემართა დიეგო სიმეონეს გუნდს. „როხიბლანკომ“ ლონდონულ გუნდთან სრული კაპიტულაცია გამოაცხადა და შინა წაგების შემდეგ, განმეორებითი დაპირისპირებაც უშანსოდ 0:2 დათმო.
მოკლედ, „არისტოკრატები“ მომდევნო ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავიდნენ, ხოლო დიეგო სიმეონეს დანა პირს არ უხსნის.
„ძალზედ იმედგაცრუებული ვარ. პირველ რიგში გულშემატკივრები დავაღალატეთ. ისინი ჩვენგან ასეთ თამაშს და უშანსო მარცხს არ ელოდნენ. მეტოქე ყველა კომპონენტში გვაჯობა და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს.
ჩელსის კარს გასაღები ვერ მოვუძებნეთ. გოლის გატანას ვცდილობდით, თუმცა უშედეგოდ. გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთელები ნირწამხდარნი და გაღიზიანებულნი არიან.
პირველი მატჩისგან განსხვავებით, გვინდოდა ლონდონში სხვა თამაში გვეჩვენებინა და შეგვეტია. სამწუხაროდ არაფერი გამოგვივიდა. წაგების მიზეზების ძებნამ ახლა აზრი არ აქვს. ცოტა უნდა დავისვენოთ და ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლა განვაგრძოთ“ – აღნიშნა დიეგო სიმეონემ.





