იცოდით, რომ იურგენ კლოპის მამა ფეხბურთელი, ამპლუით მეკარე იყო და „კაიზესლაუტერნში“ თამაშობდა? ვფიქრობთ ბევრმა არა და ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ფეხბურთის ქომაგად არ ითვლებით. სავარაუდოდ, ამ კითხვაზე გერმანიშიც არაერთი ადამიანი ვერ გიპასუხებთ. სახელგანთქმული გერმანელი სპეციალისტის მამა 2000 წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე კლოპი „მაინცში“ სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგებოდა.
ეს შესავალი კი იმიტომ გავაკეთეთ, რომ იანვარში „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს, 81 წლის ასაკში დედა ელიზაბეტი გარდაეცვალა. ამბავი თავისთავად სამწუხარო და მტკივნეულია, მაგრამ კლოპისთვის სიტუაცია კიდევ უფრო დრამატული მას შემდეგ გახდა, რაც ის მშობლის დაკრძალვას ვერ დაესწრო.
მიზეზი პანდემია და ქვეყნებს შორის შემუშავებული მკაცრი რეგულაციებია, რომლის თანახმადაც გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დიდი ბრიტანეთიდან, რაც ნისლიან ალბიონზე კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს ადამიანთა შესვლა აიკრძალა.
„დედა ჩემთვის ყველაფერს წარმოადგენდა. ის მართლან ნამდვილი დედა იყო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ის, რომ მე ის უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე და დაკრძალვას ვერ დავესწარი მსოფლიოში შექმნილმა საშინელმა პერიოდმა გამოიწვია. როდესაც სიტუაცია შეიცვლება და სამშობლოში შესვლის ნებას მომცემენ პირველი რასაც გავაკეთებ მის საფლავზე მივალ. დედა, მიყვარხარ!“ – აღნიშნა იურგენ კლოპმა.








