ციურიხში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ მეტოქეებად საკმაოდ ძლიერი გუნდები გვიწილადა. ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო. გაისად, მარტიდან ნოემბრამდე საქართვველოს ნაკრებს ამ გუნდებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.
ეჭვგარეშეა, რომ ყატარის 2022 წლის მუნდიალისკენ სავალი გზა რთული იქნება, თუმცა იმთავითვე ყურების ჩამოყრაც არ ივარგებს. Primesport.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს დავით მუჯირს დაუკავშირდა და წილისყრის შედეგების შეფასება სთხოვა:
-„იოლი ჯგუფის მოლოდინი არც გვქონდა. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში იყო და ცხადია, ვიცოდით რომ მინიმუმ 3 მეტოქე ჩვენზე ძლიერი იქნებოდა. საჩუქარი გუნდები არც მეხუთე კალათაში იყო. ნებისმიერ შემთხვევაში მოედანზე ბრძოლაა საჭირო და მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი. დარწმუნებული ვარ ბიჭებიც მაქსიმუმს გაიღებენ და თავს არ დაზოგავენ.
ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. ნაკრებმაც ერთა ლიგაზე თამაშით კარგი გამოცდილება შეიძინა და დასანანია, რომ დიდ ფორუმამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. მოკლედ, უბრძოლველად არაფერი უნდა დავთმოთ. დანარჩენს მომავალი გამოაჩენს“.
ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არ არის?
-ეს რთული და საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ამ მხრივ მუშაობა რა თქმა უნდა დაწყებულია და უახლოეს ხანებში ყველაფერს ნათელს მოვფენთ.





