ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებს მორიგი თავის ტკივილი გაუჩნდათ. ჯერ ხომ ისედაც უამრავი პროტესტი გამოითქვა და არაერთი შეტევის მოგერიება მოუხდათ, რაც ჩოგბურთელების მკაცრმა 14 დღიანმა კარანტინმა გამოიწვია, ახლა კი მეიჯორს საფრთხე დაცვის თანამშრომლისგან შეექმნა.
საქმე იმაშია, რომ მელბურნის ერთ-ერთ იმ სასტუმროში, სადაც ჩოგბურთელები არიან განთავსებულნი, უსაფრთხოების სამსახურის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას კი თავისთავად სპორტსმენებთან შეხება ჰქონდა. ამიტომაც გაჩნდა საფთხე, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა, რაც ტურნირის ჩატარებას ხელს შეუშლიდა.
ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა კრეიგ ტილმა სამეფო სპორტის მოყვარულები დაამშვიდა. მისი განცხადებით, წლის პირველი დიდი სლემის შეჯიბრს არაფერი ემუქრება.
„დიდი სლემი სტარტს დათქმულ დროს 8 თებერვალს დაიწყება. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ტურნირის გადადება და მითუფრო ჩაშლა გამორიცხულია“ – განაცხადა კრეიგ ტილმა.
ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრა 5 თებერვალს შედგება და შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეც გაირკვევა.





