შესაძლოა, მისი სახელი და გვარი ფეხბურთის გულშემატკივრებს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ აგერ ისტორიაში კი შევიდა, ოღონდ უიღბლო და უარყოფითი კუთხით.
მართალია, ის ჯერ მხოლოდ 23 წლის არის, თუმცა 6 გუნდის გამოცვლა კი მოასწრო. „ნოტინგემი“, „ბერდფორდი“, „ლაიპციგი“, „ვესტ-ბრომვიჩი“, „სელტიკი“ და „ალავესი“. მისი მეშვიდე ნავსაყუდელი კი პრემიერლიგის მაჩანჩალა „შეფილდია“.
ოლივერ ბიურკი – შოტლანდიელი მცველი აგერ უკვე ზედიზედ 25 მატჩია, მოედანს ნირწამხდარი ტოვებს. არა, ყველა დაპირისპირება წაგებით არ დასრულებულა, თუმცა არც მოგების გემო გაუსინჯავს. ანტირეკორდის არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს.
მოკლედ, ბიურკე ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის ანტირეკორდის შემოქმედი შეიქნა. ჩემპიონატის მორიგ ტურში, მისმა „შეფილდმა“ სტუმრად „ბარნლისთან“ 0:1 წააგო და სტატისტიკოსებმაც უმალ აღნუსხეს – ზედიზედ 25 მატჩი მოუგებლად.
გაგიკვირდებათ და აქამდე ეს ანტირეკორდი არც მეტი არც ნაკლები გარეთ ბეილს ეკუთვნოდა, როდესად ის „რეალში“ გადაბარგებამდე „ტოტენჰემში“ თამაშობდა. უელსელმა ფეხბურთელმა მოედანი მოუგებლად ზედიზედ 24 მატჩში დატოვა.
„შეფილდამდე“ ოლივერ ბიურკი „ვესტ-ბრომვიჩში“ ირიცხებოდა და ეს 25 მატჩიანი მოუგებელი სერია იქიდან მოყოლებულია. „შეფილდი“ კი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ღრმა აუტსაიდერია და ალბათ პრემიერშიპში დაქვეითებისგან ვერაფერი იხსნის.





