მარიამ ბოლქვაძე რომ დიდი ბრძოლისუნარიოანობით გამოირჩევა, ეს მან არაერთხელ დაამტკიცა. განსაკუთრებით 2019 წლის ამერიკის ღია პირველობაზე, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ბარიერი გადალახა და ძირითად ბადეშიც ერთი წრე გაიარა.
ამჯერად კი ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა წლის პირველი მეიჯორის მთავარ ბადეში გაღწევა ვეღარ შეძლო. დუბაიში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართველმა მეჩოგნემ ინდოელი მოწინააღმდეგის ძლევით პირველი წრე კი გადალახა, მაგრამ მეორეში მარგარიტა გასპარიანის სახით გაცილებით ძლიერი მეტოქე ერგო.
რუსი ჩოგბურთელი რეიტინგის 125-ე ჩოგანია, ხოლო დუბაიში მე-14 ნომრად არის განთესილი. მარიამ ბოლქვაძემ, გასპარიანთან კი წააგო, მაგრამ მაინც ღირსეულად ებრძოლა და იოლად არ დაეჩაგვრინა – 3:6, 6:7. ნიშანდობლივია, რომ მეორე სეტში, მარიამ ბოლქვაძე 3:5 აგებდა, თუმცა პარტიის ტაიბრეიქამდე მიყვანა შეძლო, იქ კი…
ამრიგარ, ქართველი ჩოგბურთელი გოგონებისთვის ავსტრალიის ღია პირველობა საკვალიფიკაციო ეტაპზევე დასრულდა. შეგახსენებთ, დუბაიში მარიამ ბოლქვაძესთან ერთად, ეკატერინე გორგოძეც ასპარეზობდა, რომელმაც პირველ ეტაპზე ხორვატი იანა ფეტის ბარიერი ვერ გადალახა.





