ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მელბურნში კარანტინის წესი დაარღვია. ეშლი ბარტი იმ ჩოგბურთელთა კატეგორიაშია, რომელსაც მკაცრი, 14 დღიანი კარჩაკეტილობა არ დამუქრებია და ქუჩაში გასვლა ან მაღაზიაში შესვლა არ ეკრძალება.
ავსტრალიელმა ჩოგბურთელმაც, ძველი, კარგი და ტკბილი დრო გაიხსენა და სუპერმარკეტში პირბადის გარეშე შევიდა, შემდეგ კი ნავაჭრით სალაროსთანაც გაბადრული სახით გამოცხადდა.
ეშლი ბარტის უმალ საყვედური უთხრეს და მიუთითეს ცხვირ-პირი დაიფარეო. მანაც ეს უმალ გააკეთა, თუმცა ნამოქმედარს უკვე აღარაფერი ეშველებოდა.
ავსტრალიის ღია პირველობის საორგანიზაციო კომიტეტმა ეშლი ბარტის საყვედური უთხრა, ჩოგბურთელმაც მოიბოდიშა, ხოლო მისმა მენეჯერმა ამ ყველაფერს სასაცილო შეცდომა უწოდა.





