2020 წელი, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უდავოდ უიღბლო და წარუმატებელი გამოდგა. ქართველი ჩოგბურთელი აჩრდილიც აღარ იყო იმისა, რასაც გულშემატკივრები 2018/2019 წლების სეზონში შეაჩვია. თავად განსაჯეთ, გაზაფხულზე, პანდემიით გამოწვეული დაპაუზებული სეზონის განახლების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მატჩს ვინ ჩივის, ვერცერთ ტურნირზე სეტიც კი ვერ მოიგო. თანაც წაგებაცაა და წაგებაც. ქართველი მეჩოგნე სრულიად დემორალიზებული იყო და ყველასთან უშანსოდ აგებდა.
მედალს ხომ ორი მხარე აქვს და მეტი ობიექტურობისთვის ისიც ავღნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს სერიოზული პირადი პრობლემებიც ჰქონდა. ყოფილ მეუღლესთან გაყრის პროცესი საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს და ყოველივე ამან ბუნებრივია ბასილაშვილის სპორტულ კარიერაზეც უარყოფითი გავლენა იქონია.
2021 წელს კი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP 250-ის რანგის ტურნირით დაიწყებს. 5-13 იანვარს, ანტალიაში საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა შეიკრიბება. თურქეთში ჩავლენ დავიდ გოფინი, მატეო ბერეტინი, ფაბიო ფონინი, იანიკ სინერი, ბენუე პერი, ბორნა ჩორიჩი და სხვები. დაგვეთანხმებით, მეტად სოლიდური შემადგენლობაა.
ორიოდ წლის წინ, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი საუკეთესო ფორმაში იყო და მსოფლიო რეიტინგის ოცეულშიც მყარად იმყოფებოდა, აღნიშნულ ჩოგბურთელებთან ტოლ-სწორად თამაში და გამარჯვება სავსებით რეალური იყო და ეს მას გაუკეთებია კიდეც, თუმცა ახლა ძნელი სათქმელია რა იქნება.
იმედია, ნიკოლოზ ბასილაშვილი მომავალ სეზონში მძლავრად დაბრუნდება, ქომაგების გახარებას კვლავ დაიწყებს და დაკარგულსაც მალე აინაზღაურებს. ამჟამად ის რეიტინგის მე-40 ნომერია.








