ორჯერ გადადებული მატჩი, 7 თებერვალს გაიმართება. ყოველშემთხვევაში ამ ინფორმაციას რუსეთის რაგბის ფედერაცია ავრცელებს. მიხვდებოდით, საუბარი საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებებს შორის გასამართ დაპირისპირებაზეა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით იმერთება და პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები 2023 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზებენ.
ქართველი ბორჯღალოსნებისა და რუსი დათვების ჯახი კი ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. პირველადი განრიგით ეს მატჩი 14 მარტს უნდა ჩატარებულიყო, შემდეგ კი 1 ნოემბერს, თუმცა ორივე შემთხვევაში პანდემიის გამო გადაიდო.
ისტორიის მანძილზე, საქართველოს ნაკრები რუსეთს 23-ჯერ შეხვდა და აქედან 21 მოიგო, ერთხელ წააგო და ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 2023 წელს, საფრანგეთში დაგეგმილ მსოფლიო თასის გათამაშებაში ჯგუფში უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და გლობალური საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან ერთად ევროპა 1-ის სტატუსით მოხვდება.





