17 იანვარი ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი დღე იქნება. მართალია, საქმე არც ეროვნულ ნაკრებს ან რომელიმე კლუბს ეხება, თუმცა ჩემპიონთა თასზე ქართველი მაინც მთავარი მოქმედი ფიგურა იქნება.
საუბარია მსაჯ ნიკა ამაშუკელზე, რომელიც საგრძნობ პროგრესს განიცდის, ხშირად ენდობიან და აგერ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე მატჩის გაძღოლაც ანდეს.
ახალგაზრდა ქართველი რეფერი, პარიზში, ევროპის უძლიერეს სარაგბო საკლუბო ტურნირზე ფრანგული „რასინგ 92“-ის და ინგლისური „ჰარლიქუინსის“ ჯახს განსჯის. ნიშანდობლივია, რომ „რასინგ 92“-ში ორი ქართველი მორაგბე გურამ გოგიჩაიშვილი და გია ხარაიშვილი ირიცხებიან.
ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველი მსაჯია, რომელიც ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს, თუმცა ეს 26 წლის რეფერისთვის პირველი მსხვილი ტურნირი არ არის. ამას წინათ, 8 ერზე ანუ შემოდგომის თასზე, ის ერთ-ერთი დაპირისპირების გვერდითი არბიტრი გახლდათ.
ქართველ მსაჯს ასევე ზედიზედ სამი წელია სისტემატიურად იწვევენ 20 წლამდე 6 ერის ტურნირზე. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და 12 თებერვალს ნიკა ამაშუკელი უელსი-შოტლანდიის ჯახს განსჯის.






