ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, „Calciomercato“-ს ყურადღების ცენტრში მოხვდა და ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორი კვარაცხელიას შესახებ ვრცლად საუბრობს და მის წარსულსაც იხსენებს. ასევე, მისგან ვიგებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც არიან „მილანი“, „იუვენტუსი“ და მიუნხენის „ბაიერნი“.
„იტალიური მუსიკალური ჯგუფის, Maneskin-ის ერთ-ერთი ბოლო ჰიტი შესანიშნავად მოგვითხრობს ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის და 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდის შესახებ. მას აქვს ფანტასტიკური ძალა, არის გარემარბი, რომელიც ორივე ფეხს შესანიშნავად ხმარობს, თამაშობს ბავშვის ბუნებით, სიმსუბუქით და რაც მთავარია, პირველ რიგში ამას გართობისთვის აკეთებს. მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლისა, რას აქვს პირველობის ამბიცია და სურს, რომ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ითამაშოს.
მისი დებიუტი 16 წლის ასაკში თბილისის „დინამოში“ შედგა. შემდეგ რუსთავის „მეტალურგში“ გადავიდა, საიდანაც მოსკოვის „ლოკომოტივში“ იჯარის წესით აღმოჩნდა. ამ პერიოდში მან 17-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა.ხვიჩა მაშინვე იქცა „ლოკომოტივისთვის“ მნიშვნელოვან ფეხბურთელად, თუმცა მოსკოველებმა მისი გამოსყიდვა ვერ შეძლეს, ამით კი ყაზანის „რუბინმა“ ისარგებლა და ახალგაზრდა ფეხბურთელს 2019 წელს კონტრაქტი გაუფორმა. მოგვიანებით, „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სემინმა აღიარა, რომ კვარაცხელიას დაკარგვით კლუბმა დიდი შეცდომა დაუშვა.
ხვიჩა მალევე „რუბინის“ საკვანძო ფეხბურთელად იქცა. ამ დრომდე, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუნდში 49 თამაშში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2020 წელს ის რუსეთის პრემიერ ლიგაში საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს. ამ ზაფხულს კი კლუბის დატოვებას და ევროპის წამყვან ჩემპიონატში გადაბარგებას აპირებს. მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის „მილანიც“. „როსონერი“ ყოველდღიურად ყურადღებით აკვირდება კვარაცხელიას თამაშს, თუმცა მათ სერიოზული კონკურენტი ეყოლება „ბაიერნის“ და „იუვენტუსის“ სახით, რომლებიც ასევე გამოთქვამენ ფეხბურთელის დამატების სურვილს. მისი სატრანსფერო ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და მინიმუმ 15 მილიონ ევროს შეადგენს“, – წერია სტატიაში.





