არახალი ამბავია, რომ ჯანლუიჯი ბუფონი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „იუვენტუსს“ დატოვებს. ამის შესახებ ლეგენდარულმა მეკარემ თავად განაცხადა, თუმცა კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავს.
ფეხბურთის და განსაკუთრებით იტალიის ნაკრების ქომაგებს ეცოდინებათ, რომ ბუფონი „სკუადრა აძურადან“ 2018 წელს წავიდა, მაგრამ როგორც ჩანს კვლავ დაბრუნება მოუწადინებია.
43 წლის ბუფონმა მედიასთან საუბარში მინიშნებით თქვა, რომ ნაკრების მაისურს კვლავ დიდი სიამოვნებით მოირგებდა და 2022 წლის მუნდინალზეც ითამაშებდა.
„თავს ჯერ კიდევ ძლიერ ფეხბურთელად მივიჩნევ. ვთვლი, რომ სარგებლის მოტანა ნაკრებისთვის ისევ შემიძლია. ცუდი არ იქნებოდა, უფრო მეტიც საინტერესო გამოწვევად მესახება 2022 წელს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თუ ვითამაშებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ნაკრებში არ გამომიძახებენ გავბრაზდები. პირიქით, ამას ჩვეულებრივად მივიღებ“ – აღნიშნავს ჯანლუიჯი ბუფონი.
ლეგენდარულმა იტალიელმა კიპერმა ნაკრების რიგებში 176 მატჩი ჩაატარა და 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ბოლოს ბუფონმა ნაკრების მაისური 2018 წელს მოირგო.





