ევროპა ლიგის გათამაშებას ინგლისური „ლესტერი“ გამოიეთიშა. 1/16 ფინალური ეტაპის დაპირისპირებებიდან ერთ-ერთი სენსაციური შედეგი სწორედ ამ მატჩში დაფიქსირდა, რომელშიც „ლესტერმა“ საკუთარ მოედანზე პრაღის „სლავიასთან“ 0:2 წააგო.
რა თქმა უნდა, შედეგით გაწბილებული და იმედგაცრუებულია „ლესტერის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი, რომელსაც სხვათა შორის მომავალი სეზონიდან ლონდონის „ტოტენჰემის“ თავკაცობას უწინასწარმეტყველებენ.
„პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ვაცნობიერებ, რომ სლავიასთან წაგებით და ევროპა ლიგიდან გამოვარდნით ქომაგებს ტკივილი მივაყენეთ. მე ვირჩევ შემადგენლობას და ტაქტიკას. მატჩის მიმდინარეობამ და საბოლოო შედეგმა გამოაჩინა, რომ ჩემმა არჩევანმა არ გაამართლა.
სეზონის მანძილზე როტაციის გაკეთება ხშირად გვიხდება, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ტრავმირებულია. დღეს მეტოქემ გვაჯობა. სლავია ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა და დამსახურებულადაც აგრძელებს სვლას.
სამწუხაროდ, ტურნირს ვემშვიდობებით და ამ მარცხისგან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს“ – ამბობს ბრენდან როჯერსი.








