ვეტერანი ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი პსჟ-ს ფეხბურთელია. ინფორმაციას ავტორიტეტული ევროპული სააგენტოები ადასტურებენ.
წინასწარი ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ფინანსური დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ESPN-ის, Marca-ს, Bleacher Football-ის და ჟურნალისტ, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, პსჟ ინფორმაციას უახლოეს საათებში დაადასტურებს, ფეხბურთელი კი რამდენიმე დღეში სამედიცინო ცენტრში სპეციალურ შემოწმებას გაივლის.
ცნობისთვის, 2005-2021 წლებში სერხიო რამოსი მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა. ის „სამეფო კლუბში“ „სევილიადან“ გადავიდა და 2021 წლის ზაფხულამდე გუნდისთვის საკვანძო ფიგურა იყო. 35 წლის ფეხბურთელმა „რეალთან“ ერთად 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ უეფას სუპერ თასი და 2-ჯერ კოპა დელ რეი მოიგო.








