7 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონის დასკვნით მატჩში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის ჩატარდება და 15:00 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე გაიმართება.
დღეს, ბორჯღლალოსნებმა შევარდენის სარაგბო ბაზაზე ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც მოახლოებულ მატჩზე საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარეს. მედიის წარმომადგენლებთან ნაკრების წევრმა, თორნიკე ჯალაღონიამ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს.
თორნიკე ჯალაღონია: პირველად მიწევს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში და როგორც ჩემთვის, ისე მთელი ნაკრებისთვის ძალიან ემოციური და პრინციპული თამაშია.
ლევან მაისაშვილი: გუნდის მზადებით კმაყოფილი ვარ. ორ ნაწილად გავყავით ეს მოსამზადებელი პერიოდი. დიდი ჯგუფი შემოვიყვანეთ. 37 კაცი გვყავდა ბოლო კვირაში. ეს არის გრძელვადიანი და არა მხოლოდ რუსეთთან თამაშისთვის. ამ კვირაში მაქსიმალურად გავაკეთეთ ორგანიზება ყველა იმ კომპონენტზე, რაც გვინდა რომ გავიტანოთ და ვაჩვენოთ რუსეთთან თამაშზე. მოვემზადეთ ძალიან კარგად და კვირამ ნაყოფიერად ჩაიარა. დებიუტანტებით თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ამ ბიჭებს აქვთ გამოვლილი 20-წლამდე ნაკრები, რომლებსაც ადაპტირების ძალიან კარგი უნარი აქვთ და ამ კუთხით პრობლემა ნამდვილად არ გვქონია.
მერაბ შარიქაძე: როგორც ხდება ხოლმე, ყოველ წელს რუსეთი ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდება, არც ეს წელია გამონაკლისი. იძახიან, რომ გამარჯვება უნდათ, მაგრამ, იმედია ეჭვი არავის ეპარება, რომ ბოლომდე ვეცდებით ჩვენი გულშემატკივრების გახარებას. რუსებმა ერთი თამაში ითამაშეს შიდა ჩემპიონატის ნაკრებთან, საკმაოდ კარგად ითამაშეს ხელით და თვის სტილში ითამაშეს ფეხით. ერთადერთი სიურპრიზს რასაც ველით, გვგონია, რომ ჩვენს ნახევარზე უფრო მეტად ხელით თამაშს ეცდებიან, თუმცა ამისთვის მზად ვართ.
სრული კომენტარების სანახავად უყურეთ ვიდეოს








