ცნობილმა ამერიკულმა ვებ-გვერდმა Bleacher Report-მა NBA-ის ყველა კლუბიდან თითო კალათბურთელი შეარჩია და სასიხარულოა, რომ ინდიანა პეისერსში ეს როლი გოგა ბითაძეს ერგო.
“იმ კალათბურთელებს შორის, რომელთაც გასულ სეზონში მინიმუმ 500 წუთი ითამაშეს, პეისერსს ერთბაშად 2 მოთამაშე ჰყავდა. პირველი მაილს ტერნერი ყველამ იცის, მეორე კი გოგა ბითაძე, რომელიც ამ სეზონის მერე უნდა გახდეს ყველასთვის ცნობილი.
ბითაძე, რომელიც ინდიანამ 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია, მისი სიმაღლის შესაბამისად კარგად გადაადგილდება და ტერნერის საიმედო შემცვლელად იქცა. მისი გუნდში ყოფნა გაცილებით რეალურს ხდის მაილსის ტრეიდს, თუკი, რასაკვირველია, შესაბამისი წინადადება იქნა.
თუ 22 წლის კალათბურთელი განაგრძობს პერიმეტრიდან შეტევის გაუმჯობესებას, ის სასტარტო ცენტრის როლის მორგებას შეძლებს, რომელსაც დაცვაში სარგებელის მოტანაც შეუძლია. ველით, რომ მისი სათამაშო წუთები გაიზრდება”, – წერს ამერიკული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე მალე NBA-ში მე-3 სეზონს დაიწყებს და მისთვის პირველივე თამაში ამერიკულ კარიერაში მე-100 იქნება.








