ბევრი ვარჯიში არ უყვართ, თანაც საქმეში ადგილობრივი სამზარეულოც ერევა – ივანისენია ქართულ ფეხბურთზე
დინამო თბილისის ყოფილმა ფეხბურთელმა დმიტრო ივანისენიამ, რომელიც მიმდინარე სეზონიდან რუსული კრილია სოვეტოვის ღირსებას იცავს, საქართველოში გატარებულ პერიოდს გამოეხმაურა და ინტერვიუ Metaratings-ს მისცა.
“მახსოვს, იმ პერიოდში ნახევარი წელი უგუნდოდ ვიყავი. მქონდა შემოთავაზებები უკრაინის პირველი ლიგიდან, თუმცა, ეს არ მაკმაყოფილებდა. სწორედ მაშინ საფეხბურთო აგენტი მიხეილ მეტრეველი გავიცანი, რომელმაც ჩემს დაბადების დღეს, 11 იანვარს დინამო თბილისში სინჯებზე წასვლა შემომთავაზა. ეს, ჩემს კარიერაში ერთგვარი გადატვირთვა გამოდგა. მთავარია, რომ ლამის ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ, იქ სათამაშო პრაქტიკა მქონდა. ამისთვის, ძალიან მადლიერი ვარ, მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
სხვა საქმეა, რომ საქართველოში თავისებური მენტალიტეტია. ბევრი ვარჯიში არ უყვართ და თანაც, საქმეში ადგილობრივი სამზარეულოც ერევა. მზიანი ქვეყანაა და ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, ყველგან მეპატიჟებოდნენ. 17-18 წლის ასაკში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა, საკმარისია დინამო თბილისში მოხვდნენ, გარკვეულ პროგრესს მიაღწიონ და ჩერდებიან. საერთო ჯამში, რეგრესის მიზეზი საკუთარი მომავლისადმი არცთუ პროფესიონალური დამოკიდებულებაა.
ერთ-ერთ მატჩში ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშიც მომიხდა, თუმცა, მაშინ ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ასეთი დონის მოთამაშე გახდებოდა, თუმცა, ეტყობოდა, რომ ნიჭიერი იყო და შესაძლოა, მისგან ძლიერი ფეხბურთელი გამოსულიყო.
საქართველოში თავისებური ჩემპიონატი იყო. ტემპი მაღალი არ გახლდათ, თუმცა, ყველა შეტევაზე ფიქრობდა და ნებისმიერი სიტუაციიდან საგოლე მომენტის შექმნას ცდილობდნენ”, – განაცხადა უკრაინელმა ფეხბურთელმა.
27 წლის ივანისენიას რუსულ პრემიერლიგაში თამაშობს და კრილიას სოვეტოვის მაისურით სეზონის რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა.





