საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის ინფორმაციით, აჭარული კლუბის ღირსებას 25 წლის ფრანგი ფორვარდი, ვამარა სანოგო და 24 წლის მეკარე, კამილ მიაზეკი დაიცავენ.
საგულისხმოა, რომ მსგავსი დონის ფეხბურთელებს „ეროვნულ ლიგაში“ დიდი ხანია არ უთამაშიათ. ვამარა სანოგომ კარიერა საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „მეცში“ დაიწყო და ბოლოს ვარშავის „ლეგიაში“ თამაშობდა. რაც შეეხება 24 წლის გოლკიპერს, კამილ მიაზეკი წარმოშობით პოლონელია და კარიერაც ადგილობრივ კლუბში დაიწყო. სხვადასხვა წლების განმავლობაში ის როტერდამის „ფეინოორდში“ თამაშობდა და გუნდის ძირითადი მეკარეც იყო. ბოლოს მიაზეკი ინგლისურ „ლიდს იუნაიტედში“ ირიცხებოდა და გუნდის მეორე მეკარე გახლდათ, თუმცა კლუბმა მასთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
არჩილ ბერიძის ინფორმაციით, აღნიშნულ ტრანსფერებში ლომის წვლილი გუნდის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ვლადიმერ დვალიშვილმა ითამაშა, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა. ბერიძის თქმით, სწორედ მისი კავშირებით მოხერხდა ამ ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება.





